logo
ENG



"ვისაუბრეთ პარტნიორობაზე, გამოვხატეთ მხარდაჭერა" - სტოლტენბერგი ღარიბაშვილს შეხვდა

25 აპრ 202317:03
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სტოლტენბერგმა თქვა, რომ საქართველო ალიანსის უახლოესი პარტნიორია და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

სტოლტენბერგის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია იყო. მისი თქმით, რუსული აგრესია არის "ტოქსიკური აქტი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს", რასაც, "საქართველო და ქართველი ხალხი კარგად იაზრებს".

"ყველამ იცის, რომ საქართველო არის NATO-ს უახლოესი პარტნიორი, ჩვენ კი მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ საქართველო-NATO-ს პარტნიორობის შესახებ და იმაზე, როგორ შეგვიძლია უფრო გავაღრმაოთ აღნიშნული პარტნიორობა. ასევე, NATO-საქართველოს არსებით პაკეტზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ გიცხადებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და პირველ რიგში, ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს შიდა რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტების განვითარებისათვის, სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ მთავრობას, უკან გაეხმო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ პრინციპებს. ქართველმა ხალხმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მათ მისწრაფებას, რომ ჰქონდეთ დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ რეგიონში. NATO აგრძელებს თქვენთან პარტნიორობას, ამ მისწრაფებების კვალდაკვალ.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომზე, რუსულ აგრესიაზე, უკრაინის მხარდაჭერაზე. გასულ კვირას, მე ვიყავი კიევში და ჩემი შეტყობინება პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ იყო აბსოლუტურად ცალსახა, რომ NATO დგას უკრაინის გვერდით დღესაც და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური აქტი, რომელიც უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველო და ქართველი ხალხი ამას ძალიან კარგად იაზრებს. უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რომ თავი დაიცვას და ჩვენ ასევე დავუჭერთ მხარს ამ აქტივობას", - განაცხადა სტოლტენბერგმა. [სინქრონული თარგმანი]


close დახურვა